Anthropic-ის განცხადებით, პენტაგონთან დაპირისპირება შეიძლება მილიარდები დაუჯდეს

Anthropic-ის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც გასული თვის ბოლოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა AI სტარტაპი მიწოდების ჯაჭვის რისკად (supply-chain risk) შეაფასა, არსებული და პოტენციური მომხმარებლები ახალ პირობებს ითხოვენ და მოლაპარაკებებიდანაც კი გადიან. ეს ინფორმაცია სასამართლო დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, რომლებმაც ასევე გამოავლინა ახალი ფინანსური დეტალები კომპანიის შესახებ. პენტაგონთან დაკავშირებული სამუშაოებიდან წელს მოსალოდნელი ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი უკვე რისკის ქვეშაა, წერს Anthropic-ის მთავარი ფინანსური დირექტორი კრიშნა რაო ორშაბათს წარდგენილ სასამართლო დოკუმენტში. მაგრამ, თუ მთავრობა მიზანს მიაღწევს და ზეწოლას მოახდენს კომპანიების ფართო სპექტრზე, რათა მათ შეწყვიტონ ბიზნესი AI სტარტაპთან, სამხედრო სფეროსთან კავშირის მიუხედავად, Anthropic-მა საბოლოოდ შესაძლოა მილიარდობით დოლარის გაყიდვები დაკარგოს. 2023 წელს ტექნოლოგიის კომერციალიზაციის შემდეგ, კომპანიის მთლიანი გაყიდვები 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. Anthropic-ის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მისმა Claude მოდელებმა კონკურენტებს აჯობა და აჩვენა მოწინავე შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროგრამული კოდის გენერირება. თუმცა კომპანია დიდ თანხებს ხარჯავს გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე და კვლავ ღრმად არამომგებიანი რჩება. რაომ დააზუსტა, რომ Anthropic-მა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა თავისი მოდელების ტრენინგსა და დანერგვაზე. Anthropic-ის კომერციულმა დირექტორმა, პოლ სმიტმა მოიყვანა პარტნიორების რამდენიმე მაგალითი, რომლებმაც ბოლო დღეებში AI სტარტაპთან პირადად გამოთქვეს შეშფოთება. მან აღნიშნა, რომ ფინანსური სერვისების მომხმარებელმა 15 მილიონიანი გარიგების მოლაპარაკებები შეაჩერა მიწოდების ჯაჭვის რისკის სტატუსის გამო, ხოლო ორმა წამყვანმა ფინანსურმა კომპანიამ უარი თქვა 80 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებების გაფორმებაზე, თუ არ მიიღებენ კონტრაქტის ცალმხრივად გაუქმების უფლებას ნებისმიერი მიზეზით. ეს შემოსავლების გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის Anthropic-ის კაპიტალის მოზიდვის ძალისხმევას, აცხადებენ ხელმძღვანელები.