
Anthropic-მა სამშაბათს განაცხადა, რომ იურიდიული ფირმებისთვის ავტომატიზებული დახმარების გასაწევად ჩატბოტის ახალ ფუნქციებს უშვებს. ახალი შესაძლებლობები აფართოებს Claude for Legal-ს — იურიდიულ სფეროზე ფოკუსირებულ პლაგინს, რომელიც წლის დასაწყისში ამოქმედდა და მომხმარებლებს კონკრეტული სამართლებრივი მიმართულებებისთვის შექმნილ ახალ პლაგინებსა და MCP კონექტორებს სთავაზობს.
ახალი ინსტრუმენტები იურიდიული AI-ის სივრცეში მზარდი კონკურენციის ფონზე ჩნდება. მარტში AI სტარტაპმა Harvey, რომელიც სამართლებრივი სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის იყენებს ე.წ. agentic AI-ს, 11 მილიარდი დოლარის შეფასებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. გასულ თვეში კი კონკურენტმა სტარტაპმა Legora-მ 600 მილიონი დოლარის Series D დაფინანსება მიიღო. ისიც სთავაზობს მომხმარებლებს იმ რთული პროცესების გამარტივებას, რასაც ტრადიციულად ადამიანთა მთელი გუნდები სჭირდებოდა.
Anthropic-ის ახალი ინსტრუმენტები იურიდიულ ფირმებს კონკრეტული ადმინისტრაციული ფუნქციების ავტომატიზაციაში ეხმარება, როგორიცაა: დოკუმენტების ძიება და მიმოხილვა, პრეცედენტული სამართლის რესურსების დამუშავება და დოკუმენტების შედგენა. პლაგინები მორგებულია კომერციულ, კორპორატიულ, შრომით, პროდუქტებისა და AI მმართველობის სფეროებზე.
კომპანია ასევე სთავაზობს მომხმარებლებს მოდელის კონტექსტის პროტოკოლის (MCP) კონექტორებს. ისინი აკავშირებენ მონაცემთა წყაროებსა და მესამე მხარის სისტემებს AI მოდელებთან. ახალი MCP კონექტორები Claude-ს ინტეგრირების საშუალებას აძლევს ისეთ პოპულარულ აპლიკაციებში, როგორიცაა Docusign, Box და Thomson Reuters.
ეს ფუნქციები ხელმისაწვდომია Claude-ის ყველა ფასიანი მომხმარებლისთვის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, იურიდიულ სექტორზე დიდი წნეხია AI-ის დანერგვის კუთხით და ის ფირმები, რომლებიც ამ ნაბიჯს სწრაფად დგამენ, მნიშვნელოვან უპირატესობას იპოვებენ.
მიუხედავად ამ ტექნოლოგიური წინსვლისა, სასამართლოებში AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებულმა შეცდომებმა რეალური პრობლემები გამოიწვია. ათობით იურისტი დაჯარიმდა ან გაკრიტიკდა ChatGPT-ით გენერირებული, შეცდომებითა და ყალბი ციტატებით სავსე დოკუმენტების გამო. ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იურიდიულ სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სიფრთხილესა და მუდმივ კონტროლს მოითხოვს.
წყარო: techcrunch.com







